საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას დაადასტურა, რომ უწყებაში ნორვეგიის ელჩი იმყოფებოდა.
მინისტრის თქმით, ელჩთან საუბრის პირველი ნაწილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილებას შეეხო, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო მიენიჭებინა, მეორე ნაწილი კი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე, ელჩის შეფასებებს შეეხებოდა.
„ნორვეგიის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთი მხრივ საკითხი ეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ. ადამიანს მიენიჭა ადამიანის უფლებებში ჯილდო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ადამიანის უფლებები პრაქტიკულად არ არსებობდა ამ ქვეყანაში. თუმცა ელჩთან საუბრისა და კომუნიკაციის მთავარი თემა ასევე იყო მის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები, როდესაც ის შეფასებებს აკეთებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.