საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, განმარტა, ვის შეუძლია, მიიჩნიოს თავი გლობალური ომის წარმომადგენლად. მინისტრის თქმით, გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია, მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს.
„პაატა მანჯგალაძე საუბრობდა გლობალური ომის წარმომადგენლებზე, თუ როგორ ვხედავ მე ამ საკითხს. გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
თუკი გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წევრები, გადავხედავთ ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას და მათ და მათი ოპონენტების საგარეო ფლანგზე პოზიციონირებას, ეს იყო კონსოლიდირებული. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როცა საკითხი მათი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა იქ პოზიციები ფორმირებული ყოფილიყო, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავ.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან ყველას შეუძლია, მიაკუთვნოს თავი ომის პარტიას, ვინც თავისი განცხადებებით, თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულების გაზიარებითა და საუბრით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს.
სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ განხორციელებას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულების შესახებ კითხვას, ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, შევძლოთ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ეს პოლიტიკა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და ყველა ვემსახურებით ამ პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.