სამხრეთ აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას უსაფრთხოების პერსონალი და პრესის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფებოდნენ, ვარშავიდან სანქტ-პეტერბურგში ვერ გაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს.
„დელეგაციის წევრები ფლობდნენ იარაღს, რომლის იმპორტზეც ნებართვა არ გააჩნდათ“, - წერს პოლონეთის სასაზღვრო სააგენტო Twitter-ზე.
რა სახის იარაღი იგულისხმა პოლონურმა მხარემ, განმარტებული არ არის.
სამხრეთ აფრიკული პორტალი, News24-ი წერს, რომ ლაინერი ვარშავაში 15 ივნისს ჩაფრინდა და აეროპორტში ერთ დღეზე მეტხანს იყო დაბლოკილი. ამის შემდეგ კი, პრეტორიაში დაბრუნება მოუხდა.
ბორტზე მყოფი ჟურნალისტები კი, ამბობენ, რომ მათ სასტუმროში მისვლა თვითმფრინავის დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლეს. სირილ რამაფოსა ვარშავაში ცალკე თვითმფრინავით ჩაფრინდა.
რამაფოსას მცველებს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჩასვლამდე, კიევსა და პეტერბურგში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ.
16 ივნისს, სირილ რამაფოსა, აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კიევს სარაკეტო თავდასხმის ფონზე ეწვია.
აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამორიცხავს, ვიდრე კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს ომის არა დასრულებას, არამედ, მხოლოდ გაყინვას.
17 ივნისს, სირილ რამაფოსა სანქტ-პეტერბურგში, აფრიკის ქვეყნების - ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინს ხვდება.