თამარ გაბუნია: სუროგაცია, დონაცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სწრაფი განვითარების ფონზე, ამ დარგს შესაბამისი რეგულაციები არ მოჰყოლია, რაც თამარ გაბუნიას შეფასებით, გარკვეული რისკებს მოიცავს.

მისივე თანახმად, ეს სერვისი დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა რისკებს შეიცავს.

თამარ გაბუნია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, რეგულაციების არარსებობის გამო აღმოჩნდა მიმზიდველი ქვეყანა, მაშინ, როდესაც, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს.

„ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე - სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.


„დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.

„სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


პრემიერ-მინისტრმა 12 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

კანონპროექტის მიხედვით, კანონით დარეგულირდება სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“.

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემუშავდეს რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სიროგაციის საკითხებს დაარეგულირებს.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება და ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან არეგულირებს კანონმდებლობა. ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება. თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.