„დღეს ვარ დაზარალებულის სტატუსით მოსული აქ, უნდა მივცე ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორ გვცემდნენ სტუდენტებს და როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის მოეყენებინათ ფიზიკური დაზიანება. რაც შეეხება იმ მუხლს, მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდი არის, არანაირად არ ვეთანხმები და არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია შსს-ს ჩემთვის, არც ვიცი და სიმართლე გითხრათ აბსურდული მუხლი მგონია და არ ვაპირებ ამაზე საუბარში დრო დავხარჯო“, - განაცხადა შველიძემ.
თსუ-ში დაშავებული სტუდენტის საქმეზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.
„როდესაც მივედით, ბანერების გაშლა გვინდოდა მდუმარედ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ვიყავით რამდენიმე ადამიანი, დაგვხვდა ვიღაც წვერიანი პიროვნება, ჩვენზე ასაკით დიდი პიროვნება, შემდეგ დარეკა, რომ აქ რაღაც აქციას აწყობენ, გამოვიდა 20-მდე ადამიანი და პირდაპირი მოწოდება იყო ასეთი, რომ ამას ურტყით და დამესივნენ მე, მომაქციეს წრეში და დაიწყეს ჩემი ცემა, ვინც ცდილობდა, რომ ხელი შეეშალათ და გამოვეყვანე, მათ ხელს კრავდნენ და კიბეებზე აგორებდნენ, რაც კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა ლუკა შველიძემ მედიასთან.17 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი დაპირისპირებისა და მოგვიანებით, ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უნივერსიტეტში, ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინცინდენტს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, გამოძიებამ მოძალადეები უნდა დააკავოს.
თსუ-ში მომხდარი დაპირისრების დროს დაშავდა ლუკა შველიძე. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები თავს დაესხნენ.
ლუკა შველიძე კი ამბობდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, ხსენებული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის თქმით, გამოძიებამ მოძალადეები უნდა დააკავოს.
„ჩვენ დღეს მოვედით გამოკითხვაზე და სრულიად საქართველომ ნახა, თუ როგორ იძალადა ლუკაზე ჯგუფმა და ეს მოძალადეები, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ წუთებამდე არ არიან გამოკითხულები. ჩვენ როდესაც ყველანაირ ამომწურავ ინფორმაციას მივაწოდებთ გამოძიებას, გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და დააკავოს აღნიშნული მოძალადეები და პროკურატურამ კი, მათ ბრალი უნდა წაუყენოს.
ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც მოძალადეებს არ აკავებენ ეს ყველაფერი არის მწვანე შუქი მოძალადეებისთვის და მე ბატონ შოთაძეს ვთხოვ, მთავარ პროკურორს, ნუ გადაიქცა მთავარ კრიმინალად. მან უნდა წაუყენოს კრიმინალებს ბრალი და შეასრულოს თავისი უფლებამოსილება.
მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით, ლუკას არავინ დაუკავშირდა, მაგრამ მე შემიძლია, შევაფასო სამართლებრივად, როდესაც პოლიციის თანამშრომელზე არის ეჭვი, რომ იგი არის ნასვამი, როდესაც აღნიშნული პოლიციის თანამშრომელი არ წარმოადგენს სამსახურებრივ მოწმობას, რომელ პოლიციელსაც აქვს იარაღი და ის არ არის დამალული, როდესაც მას სამოქალაქო ფორმა აცვია, ის არ ასრულებს ე.ი. თავის მოვალეობას, ის არის კანონდამრღვევი და 353-ე მუხლი ვერ იარსებებს, როდესაც პოლიცია პირიქით, თავად არღვევს კანონს“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.