ხერსონის ოლქში, წყლის საშუალო დონე ამჟამად 93 სანტიმეტრს შეადგენს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„ხერსონის ოლქში, 14:00 საათის მდგომარეობით, წყლის საშუალო დონე 93 სანტიმეტრს აღწევს. დატბორილია ოცდასამი დასახლებული პუნქტი, აქედან ექვსი მარჯვენა სანაპიროზე [მდინარე დნეპრის], დანარჩენი ყველა - მარცხენა სანაპიროზე (ოკუპირებული ნაწილი)“, - განაცხადა კუდრინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 879 საცხოვრებელი კორპუსი. 6 ივნისის დასაწყისში რუსეთის არმიამ ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი.
- უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
კახოვკის კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი, დაკარგულად ითვლება, ხერსონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელმძღვანელის, ანდრეი ალექსეენკოს ცნობით კი, დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის, მათ შორის 474 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.