ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

ჭიათურაში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მანამდე, ერთ-ერთმა მათგანმა პირიც ამოიკერა.

3 000-ზე მეტი მაღაროელი თითქმის ორი კვირაა, გაფიცულია. 10 დასაქმებული მე-7 დღეა, შიმშილობს.

„ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა, დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, - ამბობს პროტესტის მონაწილე გავრცელებულ ვიდეოში.


15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ყველა პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი 19 ივნისს, თბილისში გაგრძელდება.