რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს არ ცვლის

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს არ ცვლის, ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.

როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, საქართველოსთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია პანდემიურ ვითარებაზე და ამასთანავე, „ქართული მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

„რუსეთის მხრიდან საქართველოთან ავიამომისვლის აღსადგენად ჩვენი მოთხოვნაა რუსოფობული კამპანიის შეწყვეტა, რუსი ტურისტებისთვის ნებისმიერი საფრთხეების აღმოფხვრა. ეს პირობები არ შესრულებულა. კვლავინდებურად ძალაშია რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ქართველი რადიკალების პროვოკაციებთან დაკავშირებით გამოიცა. ამ განკარგულების გაუქმების პირობები არაერთხელ გაჟღერებულა რუსეთის ოფიციალური პირების მიერ და უცვლელია", - განაცხადა რუდენკომ.

როგორც Europetime-ს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის წარმომადგენელმა განუცხადა, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები, მან ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, კარასინთან შეხვედრის ფორმატში განიხილა.

„ბოლო შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო, ის რომ თუ რუსეთი თანახმაა, ავიამიმოსვლა აღდგეს, ქართული მხარე ავიამიმოსვლის გასახსნელად მზად არის. ამ საკითხზე რუსეთის პოზიცია რუდენკოს დღევანდელ განცხადებაში ნათლად გამოჩნდა. მომდევნო შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული. შეთანხმების თანახმად წლის პირველ კვარტალში უნდა შედგეს. მომდევნო შეხვედრისთვის რაიმე ახალი საკითხი არ წამოჭრილა. მიმდინარე თემების განვიხილავთ, რომელიც სატრანსპორტო სავჭრო საკითხებს შეეხება“, - აღნიშნა Europetime-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ საქართველოში გაჩერებული სატრანზიტო ტრაილერების კოლონის შეფერხების მიზეზიც განმარტა. მისი თქმით. სატრანზიტო სატვირთოების შეფერხების მიზეზი, გზის ჩაკეტვა გახდა, რომელიც უამინდობამ გამოიწვია და საბაჟო ან სხვა სახის პრობლემა არ ყოფილა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, საქართველოში რუსის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების შემდეგ შეწყვიტა.