ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განუცხადა.

„600 - დღიანი პოლიტიკური კამპანია იყო - საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა - ხან წამებით, ხან მოწამვლით. უცბად, ეს ადამიანი ჩვეულებრივად ჯანმრთელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია იყო. თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას. თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს“,- განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.