საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა.
„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ.
კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.