შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
„კანონი მხოლოდ სუროგაციას არ ეხება. ის მოიცავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონი მომზადებულია ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემები გადაიჭრას. ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქვეყანაში სამწუხაროდ გვქონდა, უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს არაერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ მოხვდეს და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ბავშვის გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს შეიზღუდება და დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, შევეცდებით, რომ კანონი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ. ამ სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვები გვქონდა და ის კრიტერიუმები, რომლითაც პარლამენტში ამ კანონს განიხილავენ, ჩვენს რეალობაზე მორგებულია. ამ კანონის მიხედვით, ყველა რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს, დაზღვეულია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.