პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პრიკურატურამ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს", - წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შეგახსენებთ, დღეს 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.