მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერებს საძოვრები დროებით სარგებლობაში გადაეცათ

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 66 მიწის ნაკვეთი 45 ფიზიკურ პირს დროებით სარგებლობაში გადაეცა.

როგორც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური მუშაობის შედეგად, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ნონოწმინდას, თეთრიწყაროს, გორის, ბორჯომის, დმანისის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ყვარლის, ასპინძის, მცხეთის, დაბა ასპინძის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მდებარე ჯამში 6467,4 ჰა საძოვარი ფერმერებს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ. საძოვრით სარგებლობის წლიურად გადასახდელი ქირა 81 665 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. მისი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარებია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.