მზად ვართ დეპოლარიზაციისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება პოლარიზების შემცირებისთვის მზადაა, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება.

„ზოგადად, აგრესია, ძალადობა ძალიან ცუდია. პარალელურად ამის წახალისებაც ძალიან ცუდია. 12-პუნქტიან გეგმაში მნიშვნელოვანი პუნქტია პოლარიზების შემცირება, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე, ცალმხრივად ვერ მოხდება. გულდასაწყვეტი და ცუდია, რომ ამისკენ ნაბიჯი არ იდგმება. მეტიც, ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება ფინანსურად, რომლებიც დაკავებულები არიან ძალადობით, შეურაცხყოფით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.