ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალმასადამ სატკალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს, „დრუჟბას“ ნავთობსადენის საშუალებით გაზარდოს ნავთობის ექსპორტი გერმანიაში. მინისტრის ინფორმაციით, ტრანსპორტირების ზრდა ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ არის შესაძლებელი.
„ჩვენ დავიწყეთ მცირე მოცულობებით, დაახლოებით 20,000 ტონა თვეში წლის დასაწყისში. ახლა, მიღწეული შეთანხმებების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ყაზახური ნავთობის მიწოდების გაზრდას თვეში 100,000 ტონამდე“, - განაცხადა სატკალიევმა.
ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საუბარია მიწოდებებზე, რომლებიც საცდელია როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, გერმანიისთვის.
„ჩვენ ვიკვლევთ ნავთობის დიდი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობას. ამ მიწოდების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება მიწოდების მოცულობის ზრდაზე საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა.
„დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება.
ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია.
სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.
„იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს.
ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა.