ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია.
სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.
„იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს.
ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა.
მანამდე, თოყაევთან შეხვედრისას აღინიშნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ურთიერთქმედების გააქტიურების მნიშვნელობა. ასევე, ხაზი გაუსვეს ნავთობისა და გაზის, მწვანე ენერგიისა და მრეწველობის სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.
შუა დერეფანი - გერმანიის პოზიცია
„შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის“.
შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ.
თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს“, - ეს განცხადება გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა Europetime-თან ინტერვიუში გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში..
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europertime-ს.
ასევე წაიკითხეთ: აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი
(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.