სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 5.8-პროცენტიანი კლება.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის აპრილთან შედარებით, ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამასთან, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 0.6-პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე. ამავე პერიოდში ფასები 0.6 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც – 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ასევე, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების (-10.6-პროცენტიანი კლება ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 5.3-პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 12.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 17.9-პროცენტიანი კლება ლითონის მადნებზე;
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 4.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -3.92 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები 3.1 პროცენტით შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელები, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-40.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-19.8 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 7.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.69 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 11.3 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.3 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.