გერმანია საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით. ამის შესახებ გერმანიისა და საქართველოს მთავრობები ბერლინში ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. მთლიანობაში მხარეებმა დაახლოებით 68 მილიონი ევროს ღირებულების ღონისძიებათა პაკეტი შეიმუშავეს მომდევნო ორი წლის პერიოდისთვის.
საქართველოსა და გერმანიის მთავრობები განვითარების პოლიტიკის სფეროში დღეს დასრულებული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
„გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით, საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ეს თანამშრომლობა პირველი საინვესტიციო პროექტია მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში. მრავალი ჰიდროელექტროსადგურის, მზის მაღალი გამოსხივებისა და ქარის ძალიან კარგი პირობების გამო, რეგიონს განახლებადი ენერგიების და ამით მწვანე წყალბადის პოტენციალი აქვს.
გამოყოფილი თანხები მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მოხმარდეს ელექტროლიზის ქარხნის, წყალბადის რეზერვუარისა და ამისათვის საჭირო ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას.
ენერგოსექტორის გარდა მხარეები ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. ღონისძიებათა პაკეტი მომდევნო ორი წლისთვის მთლიანობაში 68 მილიონამდე ევროს მოიცავს. მაგალითად, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისსა და ბათუმში, რათა ქალაქები მეტად მდგრადი და მომავალზე ადაპტირებადი გახდეს. დაგეგმილია ასევე სპეციალისტების მომზადება ქართული კომპანიებისათვის“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.