Facebook-ი ე.წ ნიუსფიდში პოლიტიკის შესახებ პოსტებს შეამცირებს

Facebook-ი ე.წ ნიუსფიდში პოლიტიკის შესახებ პოსტებს შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელი თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ხალხი ხშირად ამბობს, რომ არ სურთ თავიანთ "ნიუსფიდში" პოლიტიკის შესახებ პოსტები იხილონ. ამის გამო, სოციალური ქსელი პოლიტიკის შესახებ პოსტებს შეამცირებს.

კომპანიამ გადაწყვიტა, რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მიდგომა შეამოწმოს, რომ უკეთ შეისწავლოს და გაიგოს, რას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას.

როგორც ცნობილია, ამ კვირაში პოლიტიკის შესახებ პოსტები შემცირდება კანადაში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში, უახლოეს კვირაში კი - აშშ-ში.

Facebook-ში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ორგანოების შეტყობინებებს და კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ჯანდაცვის ორგანოები აქვეყნებენ, არ შეზღუდავენ.