დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი სქემაში ჩართეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული 50-ზე მეტი კომპანია, რომელთა მეშვეობითაც, კომპანიებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიური გაწერის შედეგად, 2019-2020 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით შეიქმნეს 441 360 ლარის აქტივი, საიდანაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ 171 805 ლარს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.