პროპაგანდა და დეზინფორმაცია გამოწვევაა, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. გამოწვევა მრავალმხრივი, სხვადასხვამხრივია. მარტო რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა სახის დეზინფორმაცია ცუდია, რუსული იქნება თუ დასავლეთიდან მომდინარე.
„მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე. ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული იყვნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში.
დეზინფორმაცია კარგი და ცუდი არ არსებობს. დეზინფორმაციულ გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია კარგია. ყველა დეზინფორმაცია ცუდია. სამწუხაროა, რომ ხშირად „ენჯეოები“, რომლებიც დეზინფორმაციას ებრძვიან, ჩუმდებიან და ხმას არ იღებენ, როცა დეზინფორმაცია დასავლეთიდან მომდინარეობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.