კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი" ავრცელებს.

"​სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება. ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება", - ნათქვამია განცხადებაში.

პროფკავშირის ცნობით, ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა მომჩივანმა მოუგო.