თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობასა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან როლსა და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში თურქეთის წვლილს.

„მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. ამ კონტექსტში აღინიშნა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სამმხრივ სწავლებებზე ისაუბრა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც დაესწრო. 


უფრო ადრე, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.

„შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ შსს-ში.