ამერიკის კონგრესში "საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის" თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.
კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროეტში მითითითებულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ახდენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის ახორციელებს დაკავებებს და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ე.წ.ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.
საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 22 ოქტომბერს. კანონპროექტი ასევე მიღებულ იქნა 115-ე კონგრესის მიერ.