საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუსთან.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
„თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.
მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.