ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა. მისი კანდიდატურა ცოტა ხნის წინ დამტკიცდა.

ნათია თურნავა ეკონომიკის ყოფილი მინისტრია.

თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.

„დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა.

9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა. ნათია თურნავა 2022 წლის 7 ივნისს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 80 ხმით აირჩია.


კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.
 
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.
 

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.

23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.