საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.