ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ.
10 თებერვალს, ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა.
მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლის, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსის, ხვიჩა გაბუნიას თქმით, მე-17 უბანში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ.
ხვიჩა გაბუნიას განცხადებითვე, ხელშეკრულების მიხედვით, თუ ნახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდება, მეშახტის დღიური ხელფასი 45 ლარითაა განსაზღვრული. მეშახტეები თვეში 20 დღე მუშაობენ, ხელფასს აკლდება საშემოსავლო გადასახადი და იანვრის თვის ხელფასი 720 ლარამდე უწევთ, რაც გეგმის შესრულების დროს თითქმის ორმაგია.
„ეს ხელშეკრულება არის კაბალური, რადგან ნახშირის მოპოვების გეგმის შეუსრულებლობა მხოლოდ მეშახტეებზე არ არის დამოკიდებული. ახლა გამოსავალი ადმინისტრაციასა და უბნის ხელმძღვანელსა და მუშებს შორის მოლაპარაკებაშია. დღეს მე -17 უბანმა ვერ შეასრულა გეგმა, მომდევნო თვეში შეიძლება ჩემს უბანს უთხრან, რომ გეგმა ვერ შესრულდა. ამიტომ აუცილებელია გარკვევა და მოლაპარაკება, რაც მარტივი არ იქნება“- ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.
მეშახტეთა პროტესტს ადასტურებენ შახტის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკების არასასურველ შედეგით დასრულების შემთხვევაში პროტესტს სხვა მეშახტეებიც შეუერთდნენ.