სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს PCR ტესტს ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარებენ

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს PCR ტესტს ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარებენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"ისინი არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში [სავარაუდო ინფიცირებულებთან] როგორც გამოვლენის პერიოდში, ისე მანამ, სანამ დაუდგინდებათ დიაგნოზი. მათ ტესტირება უტარდებოდათ ორ კვირაში ერთხელ, ამას შევამცირებთ და ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ. ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე შესაძლო ინფექციის გავრცელებაში" - თქვა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა. 12 პქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.