სპეციალური შპრიცების სიმცირის გამო, მილიონობით ადამიანი იაპონიაში ვერ გაიკეთებს Pfizer-ის ვაქცინას, როგორც ეს დაგეგმილი იყო, რამაც შეიძლება იმუნიზაციის პროგრამა ჩაშალოს. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, იაპონიამ Pfizer-ის ვაქცინის 144 მილიონი დოზა შეისყიდა, რაც 72 მილიონი ადამიანისთვის არის საკმარისი.
თითოეულმა ვაქცინაცია სამკვირიანი ინტერვალით უნდა ჩაიტაროს. თუმცა, არსებული შპრიცების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ნაწილი ორგანიზმში ვერ მოხვდება და დაიღვრება. პრობლემის გადასაჭრელად კი ქვეყანას სტანდარტული შპრიცების მარაგის შეძენა მოუწევს.
გარდა ამისა, იაპონიის მთავრობა სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლებს სპეციალური შპრიცების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს.
„ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ იაპონია არ დგას. აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებშიც ასევე განაცხადეს, რომ მსოფლიოში სპეციფიური შპრიცების დეფიციტია. ქვეყანაში 65 წლის და ამ ასაკს გადაცილებულების ვაქცინაცია, წესით, აპრილამდე უნდა მოესწროს, ამ ასაკობრივ კატეგორიაში კი დაახლოებით 36 მილიონია. შემდეგ ეტაპზე, ივლისამდე, იგეგმება დარჩენილი მოსახლეობის აცრა. მთლიანობაში, იაპონიამ ვაქცინის პრეპარატის 157 მილიონი ადამიანისთვის საკმარისი დოზა უნდა შეისყიდოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.