ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს მხარი დაუჭირეს. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი გააფართოებს თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან სანქციების გვერდის აცილების კუთხით.

უკრაინული მედიის თანახმად, დიალოგი და თანამშრომლობა თუ სასურველ შედეგს არ მიაღწევს, საბჭომ განაცხადა, რომ შესაძლოა, მიიღოს უკიდურესი ზომა და გააფართოოს სანქციები თუნდაც მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.


ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი 21 ივნისს შეათანხმეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა. ფართოვდება სანქციების სამიზნე ფიზიკური და იურიდიული პირების სია. შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.

რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვაზე გემების ჩატვირთვის პრაქტიკის შესაჩერებლად, მე-11 პაკეტი კრძალავს ევროკავშირის პორტებთან წვდომას გემებისთვის, რომლებსაც ტვირთი გემიდან გემზე გადააქვთ, თუ არსებობს ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობის იყო.

დიპლომატების თქმით, ყველაზე დიდი სიახლე იყო ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიის მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესება, რომლებმაც შესაძლოა, ის რუსეთს მიჰყიდონ. ასეთი ქვეყნების სახელები შეიძლება, დაემატოს ევროკავშირის სანქციების რეგულაციის დანართს 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობით.


ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში.

ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ახალი პაკეტი სანქციების თავიდან არიდების მცდელობის აღკვეთას მოემსახურებოდა. დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დღემდე აგრძელებს მას. ახლა უკრაინა კონტრშეტევის ეტაპზეა, პარტნიორები კი, მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას აქტიურად განაგრძობენ.