ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელებისთვის საკარანტინო ვადა შემცირდა

"აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინო ვადა 12 დღიდან 5 დღემდე შემცირდა", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინო ვადა მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც მოგეხსენებათ, 1-ელ თებერვლამდე ეს ვადა 12 დღით განისაზღვრებოდა. ამიერიდან, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმომსვლელთათვის შეიქმნება პირობები, სადაც ისინი საკარანტინო სივრცეში 5 დღეს დაყოფენ და PCR ტესტირების შემდეგ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, 5-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, დატოვონ საკარანტინო სივრცე.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ენგურის ხიდთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. განთავსებული არიან ზოგადი პროფილის მედპერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც შესაძლებლობას მისცემს გადმოსულ მოქალაქეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდეს და შესაბამისად, გადაიყვანონ დაწესებულებებში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა.