გაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს. დღეს,
23 ივნისს, ჭიათურაში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, რომ „ბიზნესის მართვა“ და მაღაროს გადაცემა მათი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ ითხოვენ პირობების, მათ შორის, ანაზღაურების გაუმჯობესებას.
„ჩვენი მიზანი არაა თანამდებობები, სკამზე ჯდომა, ბევრი ფულის შოვნა. ჩვენ, წესიერი ადამიანები, დავბრუნდებით ისევ იმ სამუშაოებზე, რაც ვიცით და რისი პროფესიონალები ვართ. ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ესაა ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რომ ბიზნესი ვმართოთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ რადიო თავისუფლების ცნობით.
გაფიცული მაღაროელების შესახებ განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმა" 22 ივნისს, გვიან ღამით, გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, მზად არის, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.