ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო - „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა.
„კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ რაც ტელევიზიით და აქ სასამართლო პროცესებზე მოვისმინე. 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. 23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა ფრთხილად ვყოფილიყავი.
ჩემი თანასოფლელი, ვინც პოლიციელების ინფორმატორია ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში, როცა გადავადგილდებოდი პოლიციელები სულ მაჩერებდნენ. ზოგადად, ქალაქში გასვლას სულ თავს ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს მივხვდი, კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს, დაახლოებით, 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის სურათი გადაუღია, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების “ფეისბუქი“ გვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ, ცდილობდნენ ჩემი ადგილსამყოფლის დადგენას. ჩემი ძმამა როცა მოვიდა ჩემთან, მივხვდი, ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი. მას მერე მიმალვაში ვიყავი. საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემი დევნა”, - განაცხადა ბადრი ესებუამ.
ამ წუთებში სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას უსმენს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა.