ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების მდივნის მოადგილეს, ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ხელმძღვანელს ჯილ რაბის შეხვდა.
შემოსავლების სამსახურის თანახმად, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით, საბაჟო დეპარტამენტის შესაძლებლობები განიხილეს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები.
დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი პირები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით, ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით განთავსებული რადიაციული უსაფრთხოების დეტექტორები დაათვალიერეს და სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.