„ვაგნერის“ სამხედროების დედაქალაქთან მიახლოების ფონზე, მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
„ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, - წერს გამოცემა.
23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის ცნობით, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
"ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყება კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით.
პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". „ვაგნერის“ მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.
უკრაინის პოზიცია
დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
- გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე
- ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი
„მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
პუტინის რეაქცია
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა.
- გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე
- ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". მან პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა.