ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას.

„ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე.


თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“.


23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

 „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე".


24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.