თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის დააკავეს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის გამო დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ, ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიება აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს.

„გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის - არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 ივლისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.