ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს ბრალი წაუყენეს. ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ შუბითიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება.

„აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა, პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. არაერთხელ ვიყავით გამომძიებელთან და საქმის მასალები ვიცით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთა რეპუტაციაც შეიძლებოდა შელახულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვას, ხომ არ ყოფილა გამომძიებელ სერგო შუბითიძეზე ზეწოლა მის მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ადვოკატმა უპასუხა, რომ „არავითარი ზეწოლა არ ყოფილა“.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

ტელეკომპანია „ფორმულასთან" სერგო შუბითიძემ ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.