გრიგორიადისის ადვოკატებმა ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა, რომელსაც 7-9 მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ბრალდებულისთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

დაცვის მხარე მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითხოვს.

„მნიშვნელოვანია, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი და ისე წარიმართოს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელით საქმე, რომელიც უშუალოდ ლაზარე გრიგორიადისის პატივისა და ღირსების შელახვას ეხება.

თავად ლაზარესთან ერთი თვის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ეს სარჩელი სასამართლოში შეტანილი აუცილებლად უნდა იყოს და იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ. თავიანთი ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო სამოქალაქო წესით პასუხი აგონ. ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ სიმბოლური თანხა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს, 15-15 ლარის ოდენობით დაეკისროთ.

ასევე, რაც მთავარია, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ და რომელი საინფორმაციო არხებითაც გავრცელდა ეს შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამები, სწორედ მათი საშუალებით გავრცელდეს მათი მობოდიშება ლაზარეს მიმართ",- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, დაცვის მხარისთვის ამოსავალი წერტილი თანხა არ არის, ამიტომ დააწესეს მინიმალური ოდენობა.

„აქ თანხა ამოსავალი წერტილი არ არის. ამიტომაა მინიმალური ოდენობის. მორალური ზიანის ანაზღაურებისას ადამიანმა მოითხოვოს, როგორც მინიმალური ოდენობა, ასევე მაქსიმალური. ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლომ სწორად იმსჯელოს და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდა ლაზარეს მიმართ შეურაცხყოფისა და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი დაადგინოს“,- განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.