დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოში სინოდის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართა.
თორნიკე მამალაძე სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოს წინ ბანერით მივიდა, რომელზეც ეწერა, რომ დეკანოზი 4 წელია, როგორც საპატრიარქოს, ისე ივანიშვილის პირადი ტყვეა.
„სამი წლის წინ, როცა სინოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, დღემდე არ შექმნილა. მოვუწოდებ, დააყენონ ეს საკითხი და შექმნან კომისია და იმსჯელონ ერთხელ და სამუდამოდ ციანიდთან დაკავშირებით.
მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ესენი არ შექმნიან კომისიას, რადგან როდესაც დასრულდება გამოძიება, საპატრიარქოს მაღალჩინოსნებთან გავა კვალი. ამიტომაც არ აწყობთ კომისიის შექმნა და ამიტომაც სამი წელია არ შექმნილა", - განაცხადა თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.