უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის შიგნით წარმოქმნილი ქაოსი არ გამოეყენებინათ დარტყმისთვის. ამის შესახებ CNN-ი დასავლურ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამერიკული ტელეარხის თანახმად, შიშობდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინასა და დასავლეთს განიხილავდა ძალებად, რომლებიც ეხმარებიან პრიგოჟინს და ემუქრებიან რუსეთის სუვერენიტეტს.
CNN-ის თანამოსაუბრის თანახმად, უკრაინელ პარტნიორებთან საუბარში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრიგოჟინისა და მისი „ვაგნერის“ ამბოხება რუსეთის შიდა საქმეა. მოკავშირეები აფრთხილებდნენ უკრაინელებს, არ მოეხდინათ სიტუაციის პროვოცირება, არ ჩარეულიყვნენ საშინაო საქმეებში, არ დაერტყათ სამხედრო ობიექტებისთვის რუსეთის შიგნით და საბრძოლო შესაძლებლობები გამოეყენებინათ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა წუხელ, გვიან საღამოს გაკეთებულ კომენტარში განმარტა, რომ მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა, რომლის დროსაც ყველა თანხმდებოდა, რომ იმუშავებდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ მისცემოდა საბაბი, მომხდარი დასავლეთისთვის ან NATO-სთვის დაებრალებინა.
დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.
ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.