საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, შანდორ პინტერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობას და მათი ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ვახტანგ გომელაურმა უნგრელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.