საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს, მაგრამ საქართველო საშუალებას არ იძლევა, მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იყო მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება…
იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე ვახსენე, საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს. თუმცა ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, არის ის, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული, იქნება ეს საქონლით ვაჭრობა, კონკრეტულად კი, 38 საბრძოლო საქონელი თუ ფინანსური სერვისები,” - განაცხადა ო’სალივანმა.
- დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები
- აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლების კომენტარებით ირკვევა, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო, რომლებიც გამოიყენება რუსული იარაღის გასაძლიერებლად - დასავლეთს აშფოთებს, ხდება თუ არა ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ასევე გაირკვა ამ ვიზიტიდან, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. ხსენებულ საკითხზე თბილისს წინადადებები უკვე წარედგინა.