ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოში მისიას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა.
„წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში.
ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიკური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ.
ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.