პაპუაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით სარგებლებს მიიღებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა, ბელორუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას.

„რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა, არანაირი გეგმა „ბე“ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს.

ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც რაღაც ისეთ აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო არეულობა, როგორც წავიდა იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისკენ, რომლებიც დღესდღეობით არ არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.

საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.