ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე: სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე არმისვლის მიზეზებზე საუბრობს.

„სხვათა შორის, ერთი არ იყო, ასეთი იყო სამი, რომლებსაც, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები. სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს არის და ეს.

ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა კონკრეტული ჩინოსნის მხრიდან და ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კობახიძემ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა:

„რამდენიმე ლიდერი პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ დეპუტატები, რა თქმა უნდა, იყვნენ. კონსულტაციები გვქონდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების საელჩოში მისვლა იყო პატივისცემის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.


პოლარიზაციის საკითხზე საუბრისას კი, კობახიძემ აღნიშა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის განცხადების სახით არსებობს იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ვინ ახალისებს რეალურად პოლარიზაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს წამსვლელ ელჩთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას.

„თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის, გინების წახალისება, ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს, ბუნებრივია, გამოიტანს. იყო კონკრეტული ერთი ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას - კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა ეს განცხადება, აღარ მინდა შევიდე დეტალებში, მით უმეტეს, არ მინდა შევიდე პოლემიკაში წამსვლელ ელჩთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.