ევროკავშირის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ერთობლივ ფართომასშტაბიან ინიციატივაზე ელჩი კარლ ჰარცელი კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიზანია, საქართველომ შემოტანილი ვაქცინები ეფექტურად გამოიყენოს.
„COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართულ საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი ადგილი სწორი ვაქცინაციის კამპანიას უჭირავს. ევროკავშირი კვლავ აგრძელებს საქართველოს თანადგომას და გვეამაყება, რომ დღეს ვიწყებთ ახალ ინიციატივას ჩვენს ახლო პარტნიორთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი, რათა ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანების მოცვა.“
პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს - დაგეგმვას, მოწყობილობებს/დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას.
პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის უკვე მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ქვეყნების დახმარება COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. უკვე ხორციელდება €35 მილიონი ევროს ღირებულების „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ინიციატივა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება.
ამავე თემაზე: ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან.