„გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მას პანელური დისკუსიის დროს ჰკითხეს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე.
„არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამაც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ პრეზიდენტი არჩევის დღიდან არის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება, იყოს დაპირისპირებული. ზურაბიშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ დღეს პოლიტიკური ელიტა (ორივე მხარეს) უფრო დაპირისპირებულია საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
„რაც ვნახე რეაქციები, (ნიკა გვარამიას შეწყალებაზე“, რედ.), ვერ ვნახე, რომ ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის, მის ინტერესებშია და ამიტომ მივიღე. არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა და რთული არ იყო და ისიც მინდა გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული... და არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ რა თქვა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან მიანიშნა „პარლამენტარზე, რომელიც მზად არის, ასევე უხამსად მოიხსენიოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სტრატეგიული მოთმინება არის პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭირო. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პოლარიზაციის გაღრრმავებაზე გვარამიას შეწყალებას არ უმოქმედია.
ზურაბიშვილის განმარტებით, ქვეყანა ისედაც პოლარიზებულია მაქსიმალურად, ამის მაგალითად მან პრემიერის გუშინდელი გამოსვლა მოიყვანა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ასე მიმართოს პრემიერმა საკუთარ ხალხს და დეპუტატებს.