უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დავით ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე 10 თებერვალს მას ნოტა გადასცა იახტის დაკავებისთვის, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვასილ ბოდნარმა საქართველოს მხარეს მოუწოდა, უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოში იახტის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი იმყოფებოდნენ.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, საქართველოს კიდევ ერთხელ ეთხოვა, შეიცვალოს აღმკვეთი ზომა და გაათავისუფლონ აღნიშნული მოქალაქეები.
ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ბონდარმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო არ ერევა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში და რომ ცალკეულ კერძო პირთა მოსაზრებებმა გავლენა არ უნდა იქონიოს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს.
კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს სააკაშვილის მიერ საქართველოში თავისი მომხრეებისადმი მოწოდებებზე, არ დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას.
დოლგოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროსა და ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას.
ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს მესაზღვრეებმა დააკავეს იახტა, რომელიც თურქეთში მიემართებოდა საქართველოს სანაპიროს გასწვრივ. მასზე იმყოფებოდნენ უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი. იახტის მფლობელია საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი, რომელიც ადრე მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა. დაკავებულები დღემდე იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.